მაია ცქიტიშვილი - ბავშვებს წყნეთში, სკოლაში მისასვლელად ორი საათი სჭირდებოდათ, დღეს შეეძლებათ კომფორტული და საიმედო გზით გადაადგილება
წყნეთი-ბეთანიის გზაზე დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა, დამცავი კედლები და შეტყობინების სისტემაა დამონტაჟებული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წყნეთი-ბეთანიის გზის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რა იყო აქ 2015 წლის სტიქიის შემდეგ – სრულიად ჩამოშლილი მთა, უგზოოდ დარჩენილი სოფლები. დღეს ხედავთ, რომ არის ახალი კომფორტული გზა, ნამდვილად არის დაცული ყველა უსაფრთხოების ღონისძიება, აქ არის დამცავი კედლები დამონტაჟებული, ისევე, როგორც არის შეტყობინების სისტემაც. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მოხდა ამ პროექტის განხორციელება. რამდენიმე სოფლის მოსახლეობას მანამდე წყნეთში, თბილისში ჩამოსასვლელად უწევდათ კოჯრის გზით სარგებლობა და რამდენიმე სოფლის ბავშვებს წყნეთში მდებარე სკოლაში მოსასვლელად ორი საათი სჭირდებოდათ. დღეს შეეძლებათ კომფორტული და საიმედო გზით გადაადგილება. დღეში 1500 მანქანაზე მეტი ივლის ამ გზაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებული გზა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.