მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყრის შემაკავებელი კონსტრუქციის დაზიანების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყრის შემაკავებელი კონსტრუქციის დაზიანების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრის შემაკავებელი კონსტრუქცია დაზიანებული და საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის.

გიორგი შენგელიას განცხადებით, საუბარი უშუალოდ წყნეთის გზაზე ქანების შემაკავებელ ჯებირზეა და არა წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს გახსნა.

ფონდის წარმომადგენლებმა და პროექტის ავტორებმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერეს გზის აღნიშნული მონაკვეთი და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მეწყრის ჩამოწოლის არანაირი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა კონსტრუქცია ისეა დაპროექტებული, რომ მეწყრის არსებობის შემთხვევაშიც მასას აუცილებლად შეაკავებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა. გზის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული იყვნენ ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად მოხდა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება. საქართველოში პირველად დაინერგა ევროპული მეთოდი, რომელიც სპეციალური ბადეების დამონტაჟებას გულისხმობს. ეს ბადეები აჩერებს ინერციით მოძრავ ლოდებს.

„ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს შემოსასვლელსა და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და უზრუნველყოფს გზის ავტომატურ ჩაკეტვას. მშენებლობის პროცესში მოხდა საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება, დადგინდა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც გათვლილია რვა ბალის სიმძლავრის სეისმურ ბიძგებსა და ჰიდროლოგიურ წნევებზე“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.