მაია ცქიტიშვილი - არ გამოვრიცხავ ოთარ ფარცხალაძის არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ სასამართლომ უნდა იმსჯელოს
მაია ცქიტიშვილი - არ გამოვრიცხავ ოთარ ფარცხალაძის არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ სასამართლომ უნდა იმსჯელოს

არ გამოვრიცხავ ოთარ ფარცხალაძის არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, როგორც ფარცხალაძის, ისე ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით, გამოძიება პასუხს გასცემს.

„ის პროცედურები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო საჭირო, რომ ბრალი იმ სტანდარტით წარდგენილიყო, რა სტანდარტზეც არაერთხელ გვისაუბრია, ეს მომენტი დადგა დღეს, რასთანაც არის დაკავშირებული სწორედ დღეს სასამართლოში ბრალის წარდგენის საკითხი. არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილშიც ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც პროკურატურის წარდგინებას სასამართლო არ დათანხმებია. მართლმსაჯულების პრინციპია, რომ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ, რათა სასამართლოსთვის მისაღები სტანდარტით წარუდგინონ ბრალი და დაამტკიცონ. სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაა, განიხილოს ყველა წარდგენილი არგუმენტი და ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით იმსჯელოს, მანამდე უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველამ უნდა დავიცვათ და წინასწარ არ დავაბრალოთ ადამიანს, როდესაც შესაძლოა, რომ სიმართლე დაამტკიცოს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

როგორც პირველ არხს ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია გუშინ პირველმა არხმა გაავრცელა.