მაია ჭუჭულაშვილი - ისეთი გზავნილის გაკეთება, რომ ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება და პენსიონერი სესხს ორ პროცენტში მიიღებს, ალბათ პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფ ყველაზე დიდ პოპულისტებსაც გაუჭირდებათ
ისეთი გზავნილის გაკეთება, რომ ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება და პენსიონერი სესხს 2%-ში მიიღებს, ალბათ პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფ ყველაზე დიდ პოპულისტებსაც გაუჭირდებათ, – განაცხადა „ბიზნესპარტნიორის“ წამყვანმა, მაია ჭუჭულაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას.
„გასაგებია, რომ საპენსიო სესხზე 26% არის ძალიან მაღალი და ეს არ მოგვწონს, მაგრამ რა ეკონომიკური მდგომარეობაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, შესაბამისი გარემო ხომ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სწორედ ეს ტენდენცია იყოს? ისეთი გზავნილის გაკეთება, რომ ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება და პენსიონერი სესხს 2%-ში მიიღებს, ალბათ პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფ ყველაზე დიდ პოპულისტებსაც გაუჭირდებათ. რეალურად, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მოსვლადი ამბავი. შეიძლება, დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან დაგვიანებულიც არის იმაზე საუბარი, რა ტიპის ეკონომიკას ვაშენებთ. რა მოცემულობაც გვაქვს, ეს არის, მოგვწონს ეს ვინმეს თუ არა, მაგრამ დღეს უფრო იმაზეა სამუშაო, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდანაც, რომ რაც შეიძლება მეტად განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და რაც შეიძლება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მეტი სამუშაო ადგილის შექმნა მოიტანს იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს ექნება თუნდაც 20 წლის თავზე მეტი დანაზოგი იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. დღეს საუბარი იმაზე, რომ ხვალ საპენსიო თუ სხვა ნებისმიერ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 2% ან 3% იქნება, ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ძალიან უტოპიურ თემად მიმაჩნია“, – განაცხადა ჭუჭულაშვილმა.
ამასთან, „ბიზნესპარტნიორის“ წამყვანმა აღნიშნა, რომ „როდესაც რისკებთან მიმართებაში პროცენტს ადგენენ, ბანკებს ყოველთვის მოჰყავთ ხოლმე ერთ-ერთ არგუმენტად ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, არადა, ამავე ბანკების წარმომადგენელთა ხშირი კომენტარების მიხედვით, მაკროეკონომიკური მდგომარეობა, რეალურად, სწორედაც რომ იძლევა იმის საშუალებას, რომ ისეთი პროცენტული მაჩვენებლები არ იყოს, როგორზეც გვიწევს საუბარი, განსაკუთრებით, პენსიონერების შემთხვევაში“, – განაცხადა ჭუჭულაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს კერძო მევახშეობის რეგულაცია, რადგან ფაქტია, დაკრედიტების სფეროში ეს პრობლემა მწვავედ დგას, როცა ადამიანები გააზრებულად თუ გაუაზრებლად, საკმაოდ დაბალი თანხის სანაცვლოდ დებენ საკუთარ ბინას და რაღაც პერიოდის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდებიან, მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა, რომ ფაქტია, აქ არის პრობლემა, რეალურად, რამდენად სწორად არის მოწესრიგებული ეს სისტემა და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, დღეს კიდევ უფრო მეტი, დამატებითი რეგულაციის შემოტანა, რომ მოქალაქე ამ ტიპის პრობლემაში არ აღმოჩნდეს.
„ფაქტია, არსებულ კანონმდებლობაში მევახშეებმა სხვა ხვრელი იპოვეს და ამ სხვა ხვრელის პოვნა იყო თუ არა სახელმწიფოს ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ, რეალურად, მან შემოგვთავაზა ეს ახალი სქემა და, რეალურად, მივიღეთ სქემა, სადაც საერთოდ ვერ იგებ, რა უნდა ქნა? იმიტომ, რომ ამას სესხი კი არა, სახელიც კი არ ჰქვია, ნასყიდობის ხელშეკრულება რადიკალურად სხვა რამ არის. სესხს რომ გასტუმრება უნდა, შეუძლებელია, ამაზე ვინმე კამათობდეს; ვალს რომ ვიღებ, ის უნდა დავაბრუნო, მაგრამ აქ არის პრობლემა, რეალურად, რამდენად სწორად არის მოწესრიგებული ეს სისტემა და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, დღეს კიდევ უფრო მეტი, დამატებითი რეგულაციის შემოტანა, რომ მოქალაქე ამ ტიპის პრობლემაში არ აღმოჩნდეს? აქ უნდა ვთქვათ, ხომ არის კანონმდებლობაში დატოვებული ისეთი რაღაც ხარვეზი, რომელიც მერე მევახშეებს აძლევს საშუალებას, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ? გამოსახლება ზამთარში იქნება თუ ზაფხულში, შეუძლებელია, ვინმეს მოსწონდეს იმ ყველაფრის ყურება, რასაც ტელეეკრანიდან ვუყურებთ ხოლმე“, – განაცხადა მაია ჭუჭულაშვილმა.