მაია ბუწაშვილი - სწრაფ და „პისიარ“ ტესტებს ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება აქვს
მაია ბუწაშვილი - სწრაფ და „პისიარ“ ტესტებს ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება აქვს

სწრაფ და „პისიარ“ ტესტებს ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება აქვს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ინფექციონისტმა განმარტა, თუ რა განსხვავებაა აღნიშნულ ტესტებს შორის.

„სწრაფ ტესტებზე, როგორც ვიცით, ლაპარაკია ანტისხეულების ტესტებზე. ასევე, არსებობს ანტიგენის სწრაფი ტესტები, ანუ თითონ ვირუსის გამომყოფი. მაგრამ ისინი ჯერ ფართოდ არ არის ჩვენს ქვეყანაში. ჯერჯერობით ჩვენ ვლაპარაკობთ სისხლის გამოკვლევაზე ანტისხეულებზე სწრაფი ტესტის მეთოდით. სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე ჯერჯერობით შედგება ორი კომპონენტისგან – ეს არის მწვავე პერიოდის ანტისხეულები, როდესაც ადამიანს ახალი ინფექცია აქვს და მას ვავლენთ და მეორე კომპონენტი, რომელიც მოგვიანებით ჩნდება და მიუთითებს გადატანილ ინფექციაზე. სწრაფი ტესტირება ადვილია მასობრივი ტესტირებისთვის, მთავარია, უბრალოდ, სწორად და გამიზნულად იყოს. სიმპტომების დაწყებიდან პირველივე დღეებში სწრაფი ტესტი არ გამოგვადგება. ამიტომ, მას აქვს კონკრეტული დანიშნულება იმ კომპონენტის გამოსავლენად, ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია. ასევე, მაშინ, როდესაც ცხვირ-ხახის ტესტი მოუხერხებელია. ასევე უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში. თუმცა, სწორად უნდა შევაფასოთ ხოლმე მერე მისი შედეგი.

მაგალითად, ახლა მითქმა-მოთქმაა, რომ სწრაფი ტესტით გამოვლენის შემდეგ „პისიარ“ ტესტმა არ დაადასტურა და ესე იგი, ეს სწრაფი ტესტი არ ვარგოდა. ეს ამას საერთოდ არ ნიშნავს. სწრაფი ტესტით დადებითი არ არის აუცილებელი, რომ „პისიარით“ დადებითი იყოს. თუ არ არის ახალი ინფექცია და ადამიანი არ გამოყოფს ცხვირ-ხახით ვირუსს, მაშინ შეიძლება, ანტისხეული ჰქონდეს და უკვე აღარ ჰქონდეს ვირუსი, „პისიარით“ დადებითი. ანუ ავტომატურად სწრაფი ტესტის დადებითობა არ ნიშნავს, რომ პისიარიც დადებითი უნდა ჰქონდეს. ამ ორ ტესტს ერთმანეთისგან განსხვავებული დანიშნულება აქვს“, – განმარტა მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება ვაქცინის თემას, ინფექციონისტის თქმით, წინასწარ პროგნოზი რთულია, რომელი ჯგუფი დაასწრებს მის შექმნას.

„ძნელი სათქმელია, რომელ ქვეყანას აქვს მეტი შანსი. ზოგჯერ, ძალიან უცნაურად შემოტრიალდება ხოლმე კლინიკური კვლევები. მაგრამ მაგალითად ჩინეთს ძალიან კარგი პროგრესი აქვს უკვე. ჩვენ ვიცით, რომ მედიკამენტებისა და ვაქცინების გამოცდას თავისი ფაზები აქვს. ჩინეთში პირველი ფაზა ახლახან დასრულდა, მეორე ფაზაში გადავიდა ვაქცინა და რამდენიმე ათეულ პაციენტზე უკვე გაიარა გარკვეული გამოცდა. მეორე ფაზაში შევიდა და ამის შემდეგ უკვე შეიძლება, საკმაოდ დაჩქარდეს პროცესები. წარმატებით გაიარა ეს პირველი ფაზა.

ბევრი სხვადასხვა ქვეყანა მუშაობს, რესურსების ამხელა მობილიზება არც კი მახსენდება, ასე სწრაფად რაიმეს ირგვლივ რომ ყოფილიყოს. საუკეთესო ჯგუფები მსოფლიოსი ვაქცინაზე მუშაობენ, უზარმაზარი თანხებია გამოყოფილი. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ პოზიტიური შედეგი არ დაიდოს. იმდენი ვერსია მუშავდება ვაქცინის, რომ აუცილებლად რომელიმე მათგანი, ერთი ან შეიძლება რამდენიმე ვერსიაც წარმატებულად დასრულდეს. თუმცა, წინასწარ პროგნოზი, რომელი ჯგუფი დაასწრებს და დადებს წარმატებულ ვაქცინას, რთულია. მაგალითად, ჩინეთის, თითონ უხანის ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტის ვაქცინა საკმაოდ კარგად გამოიყურება პროგრესის თვალსაზრისით“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.