მაია ბითაძე - პირველი ნოემბრიდან ტაქსის სერვისის რეგისტრაციის გარეშე განხორციელება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება და 200 ლარით დაჯარიმდება
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტაქსის მძღოლები დაიბეგრებიან, აბსოლუტური სიცრუეა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ტაქსების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ტაქსების რეგისტრაცია ზაფხულში დაიწყება, მანამდე დედაქალაქის საკრებულო შესაბამის აქტებს მიიღებს.
„პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროქტი. ჩვენ მალე დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საკრებულოს მიერ გამოსაცემ ორ აქტზე. პარლამენტმა კანონი მიიღო, რათა შეექმნა საფუძველი მუნციპალიტეტისთვის, დაერეგულირებინა ე.წ. M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებით საზოგადოებრივი სამგზავრო გადაყვანის საკითხი. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ფინანსთა სამინისტროსთან და მოარული ხმები, რომ ტაქსის მძღოლები დაიბეგრებიან, არის აბსოლუტური სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. ყველა ის შეღავათიანი სარეჟიმო სისტემა, რაც მიკრობიზნესისთვის არის მოქმედი, მათთვისაც შენარჩუნდება. უბრალოდ, საკრებულოს აქტის მიღების შემდეგ, მიმდინარე ზაფხულში, აგვისტოდან ნოემბრის თვემდე განხორციელდება რეგისტრაცია-განებართვიანება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
მისი განმარტებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება ტაქსის სერვისის განხორციელება შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. უნებართვო საქმიანობა კი, ადმინისტრაციულ 200 ლარიან სანქციას დაექვემდებარება.
მერის მოადგილის განცხადებით, რეგისტრაციისთვის ერთჯერადი მოსაკრებელი 50 ლარს შეადგენს.
„ამასთან, პირველ ეტაპზე, ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა და ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა 50 ლარის ოდენობით, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის იქნება თანხის 50 პროცენტი, ხოლო ელექტროავტომობილებისთვის სრულიად უფასო“, – განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.