მაჰირ მამედოვი - SOCAR-ი არ ერევა საქართველოსა და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში და კატეგორიულად უარყოფს ყველა უსაფუძვლო ბრალდებას
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ხელმძღვანელობა მარნეულში გამართული შეხვედრების დროს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისა და პოლიტიკური არჩევანის საკითხებს არ შეხებია, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Report.az-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შესაბამისი განცხადება SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა გააკეთა. ამგვარად, მამედოვი გამოეხმაურა საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულში ვიზიტისას საქართველოს მმართველი პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები გააკეთა.
მაჰირ მამედოვის თქმით, 23 ოქტომბერს SOCAR-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერისთვის და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან საქმიანი შეხვედრების გასამართად.
მისი თქმით, როგორც წინა ვიზიტების დროს, SOCAR-ის ხელმძღვანელობა შეხვდა საქართველოში აზერბაიჯანული სათვისტომოს წარმომადგენლებს და დაინტერესდა იქ მცხოვრებ თანამემამულეთა სოციალური პრობლემებით.
„განხილვის დროს საქართველოში არჩევნებისა და პოლიტიკური არჩევანის საკითხებს არ შეხებიან. ამის მიუხედავად, ადამიანების ჯგუფი შეეცადა პროვოკაციის განხორციელებას თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. SOCAR-ი არ ერევა საქართველოსა და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში და კატეგორიულად უარყოფს ყველა უსაფუძვლო ბრალდებას. SOCAR-ი მომავალშიც დაინტერესდება საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სოციალური პრობლემებით და მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მათ მხარდაჭერას გააგრძელებს“, – განაცხადა მაჰირ მამედოვმა