მაღალმთიანი დასახლებების სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულებზე დანამატის გაცემის შესახებ ცვლილებები ბიუროს წარედგინება
პარლამენტის 11 წევრი მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების 35-პროცენტიანი დანამატის გავრცელებას ითხოვს, როგორც ეს საჯარო სკოლის პედაგოგების შემთხვევაშია.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება, რომლის ინიციატორები დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, კარლო კოპალიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე, ზაზა პაპუაშვილი, სულხან მახათაძე, ალექსანდრე ერქვანია და კობა ნაკაიძე არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამჟამად გათვალისწინებული სოციალური შეღავათები არ მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლა) ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და შემოიფარგლება მხოლოდ ამავე დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლებით, რაც არასაკმარისია.
„მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათი გავრცელდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზეც. ამასთანავე, აუცილებელია, რომ მაღალმთიან დასახლებებში მსგავსი შეღავათი გავრცელდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში (ბაგა-ბაღები) დასაქმებულ პირებზეც“, – განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, პროექტში ნათქვამია, რომ წელიწადში საჭირო იქნება დაახლოებით – 5 061 000 ლარის გამოყოფა (35-პროცენტიანი დანამატის გაცემის შემთხვევაში), კანონპროექტის ბენეფიციარებზე სოციალური შეღავათების გასაცემად.
„აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, ხოლო 672 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. 4,4 მილიონი ლარი დააკმაყოფილებს მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს, რომელთაგან 1 300-მდე პირი დირექციის წარმომადგენელია (მათი საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია), ხოლო 3 500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია (მათი საშუალო ხელფასი 150 ლარია). 672 ათასი ლარით კი დაფინანსდება ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული დაახლოებით 800 ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასი 200 ლარია“, – აღნიშნულია კანონპროექტში.