მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს
მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა წევრის მიერ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა ის წრე უნდა გაფართოვდეს, რომლებიც დღესდღეობით იმ შეღავათით ვერ სარგებლობენ, რითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი სარგებლობს.

კერძოდ, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ სოციალური შეღავათი უნდა ჰქონდეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებს, ვისთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აღნიშნული პირები სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35 პროცენტიან დანამატს მიიღებენ.

„კანონპროექტი სახელფასო შემოსავლის 35 პროცენტიანი დანამატის დაწესებას 4800 ადამიანისთვის ითვალისწინებს. შესაბამისად, ცვლილებებს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე“, – ნათქვამია კანონპროექტში.