მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის ფონდიდან 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ მიზნით მთავრობის განკარგულება გამოიცა.
ყველაზე მეტი თანხა საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფა. საუბარია 2 254 731 ლარზე, რომელიც სოფელ პერევში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას, სოფელ შომახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციასა და სოფელ ცხამში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას მოხმარდება.
245 100 ლარის გამოყოფა იგეგმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის. თანხა სოფელ გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნის გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
450 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, რაც სოფელ მაღაროსკარში სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციას მოხმარდება.
447 740 ლარამდე თანხას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტი – სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაციისთვის (სოფლის ცენტრიდან ზ.ხვითის მიმართულებით მისასვლელი გზა).
613 997 ლარით დაფინანსდება გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რაც სოფელ არაშენდასა და სოფელ დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
481 048 ლარით დაფინანსდება მესტიის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოები – კერძოდ, დაბა მესტიაში ჯაფარიძისა და სენაკის ქუჩების რეაბილიტაცია.