მაგდა ბოლოთაშვილი - პროფესიული განათლების პოპულარიზაციას სახელმწიფო სექტორში დასაქმების მცირე პერსპექტივა აფერხებს
პროფესიული განათლების ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებას სახელმწიფო სექტორში დასაქმების მცირე პერსპექტივა აფერხებს, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ქართულ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებაში არსებული დარღვეული წონასწორობის საკითხი განიხილეს, რაც წლებია, გადაუჭრელ დილემად რჩება. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი პროცენტის მიუხედავად, პროფესიული განათლების მქონე ადამიანებს სამუშაოს პოვნა უჭირთ, ბიზნესი კი სასურველი კვალიფიკაციის კადრების დეფიციტს განიცდის. ბოლოთაშვილის განმარტებით, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამები ბიზნესის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ.
„შრომის ბაზარზე დისბალანსი ნამდვილად არსებობს და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სასწავლო პროგრამები ბიზნესის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ. ბიზნესი ნაკლებად იყო ჩართული იმაში, რომ ისეთი საგანმანათლებლო და პროფესიული სტანდარტები ჩამოყალიბებულიყო, რომელიც სრულყოფილად ასახავდა იმ მოთხოვნებს, რაც ბიზნესს სჭირდება. შესაბამისად, ვიღებთ ამ დისბალანსს. ანუ, ერთი მხრივ, დასაქმების მაძიებლები და მეორე მხრივ, დამსაქმებლები, რომლებსაც თანხვედრა არ აქვთ. აქედან გამოსავალი ის არის, რომ საგანმანათლებლო და პროფესიული სტანდარტების შემუშავება ბიზნესთან პარტნიორობით უნდა ხდებოდეს. ეს პარტნიორობა უზრუნველყოფს, რომ სწორედ იმ უნარების გათვალისწინება მოხდეს, რაც კერძო სექტორშია და იმ პროდუქტს მივიღებთ, რაც ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
მისი მოსაზრებით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრის დეფიციტს საზოგადოებაში პროფესიული განათლების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულებაც უწყობს ხელს, რომელიც უპირატესობას უმაღლეს განათლებას ანიჭებს. ამ სტერეოტიპს საჯარო სამსახურში დასაქმების მხრივ არსებული შეზღუდვებიც უქმნის ნიადაგს.
„საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ პროფესიული განათლება მეორეხარისხოვანი არჩევანია. ეს სხვა ქვეყნებშიც ასეა, უმაღლეს განათლებას იქაც უპირატესობას ანიჭებენ. თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს შემთხვევაში, საზოგადოების ამ უარყოფით განწყობას, რა მიზეზითაც მშობლები შვილებს ამ მიმართულებით წასვლას ნაკლებად ურჩევენ, ის ფაქტი ქმნის, რომ ნაკლებ შესაძლებლობებს ხედავენ. ამ შემთხვევაში, კერძო სექტორი გაცილებით მეტ შესაძლებლობას ქმნის, ვიდრე სახელმწიფო სექტორი. კერძო სექტორი თუ უმაღლესი განათლების საჭიროება არა აქვს, უმაღლეს განათლებას ნაკლებად ითხოვს. სახელმწიფო სექტორი კი, თითქმის ყველა შემთხვევაში უმაღლეს განათლებას ითხოვს, მიუხედავად იმისა ამის საჭიროება არის თუ არა. ერთის მხრივ, განათლების სამინისტრო და მრავალი დონორი ორგანიზაცია, მათ შორის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც ჩართული არიან პროფესიული განათლების პოპულარიზაციის პროცესში და მეორეს მხრივ, სახელმწიფო სექტორი ასე ვთქვათ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რომ პროფესიული განათლების მქონე პირი დასაქმდეს“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
მისი განმარტებით, მართალია საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პროფესიული განათლების მქონე პირის დასაქმებას არ კრძალავს, მაგრამ მთავრობის დადგენილება კონკურსის ჩატარების წესის შესახებ აქცენტს უმაღლეს განათლებაზე აკეთებს, მაშინ როცა გარკვეულ პროფესიებს პროფესიული სასწავლებელი უმაღლესზე უკეთესად ამზადებს. ბოლოთაშვილს მიაჩნია, რომ უმჯობესია, სახელმწიფო ეს ბარიერები მოხსნას.
„რა თქმა უნდა, სწორედ სახელმწიფო სექტორმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და მოხსნას ეს ბარიერები იმ სექტორებში, სადაც უმაღლესი განათლება საჭირო არ არის. მაგალითად, ლოგისტიკის სპეციალისტი, ბუღალტერი, მებაჟე – ძალიან ბევრია ასეთი სპეციალობა. რიგ შეთხვევაში, პროფესიული განათლების მქონე კადრი მოვალეობას მრავალ ასეთ პოზიციაზე უკეთესად ასრულებს, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე. რადგან ისინი სწავლის პროცესში პრაქტიკულად იძენენ ბევრ ისეთ უნარს, რაც შემდეგ დასჭირდებათ“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
მისი მოსაზრებით, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია სახელმწიფომ სწორედ საჯარო სექტორში კარიერის შექმნის პერსპექტივით უნდა დაიწყოს.
„პირველ რიგში, მეტი შესაძლებლობა უნდა გაჩნდეს, რომ მშობლებმა შვილებს პროფესიული განათლება ურჩიონ. დღეს ასეთი განათლებით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყება კი შეიძლება, მაგრამ სამომავლოდ დაწინაურების შესაძლებლობა არ არის, ერთ ადგილზე დარჩება. ეს არის ერთი მთავარი პრობლემა, რაც პოპულარიზაციას აფერხებს“, – განუცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.