საკალათბურთო „ევროლიგის“ მე-17-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. სამეფო გუნდმა სტუმრად რუსული „ხიმკი“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 95-78 დაამარცხა. მადრიდელებმა, სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქეს მიახლოების შანსი აღარ მისცეს.
მასპინძლებს ალექსეი შვედის კარგმა თამაშმა ვერ უშველა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა დაფიქსირდა. „რეალმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ესპანური კლუბის ხუთმა კალათბურთელმა, 10 და მეტი ქულა მოაგროვა. საუკეთესო მაჩვენებელი ამჯერად რუდი ფერნანდესს ჰქონდა. მისმა მონაგარმა 16 ქულა შეადგინა. ორი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ვალტერ ტავარესს, კაბო ვერდეს წარმომადგენელმა 11 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა. მადრიდის „რეალი“ ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია. სამეფო გუნდი თანაბარი წარმატებით გამოდის, როგორც შიდა პირველობაზე, ასევე „ევროლიგის“ გათამაშებაზე. აღნიშნულ ტურნირზე მადრიდელებმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში, მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს.