მაჭახელას ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხელვაჩაურის მერი შეხვდა
მაჭახელას ხეობის მცხოვრებლებმა, რომლებიც სოფელ ქედქედში ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს, ხელვაჩაურის პოლიციის შენობიდან მერიასთან გადაინაცვლეს და მერთან, ჯუმბერ ვარდმანიძესთნ შეხვედრა მოითხოვეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეებს მერი ჯუმბერ ვარდმანიძე შეხვდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ.
„ნუ გვაპირისპირებენ თქვენთან, პოლიციასთან. რატომ აფორმებს ეკონომიკის სამინისტრო მემორანდუმებს ხალხის დაუკითხავად. შეიქმნას კომისია, მოიწვიონ ექსპერტები, ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დადებენ ხეობის სტრატეგიული განვითარების გეგმას. თუ კომისია გამოიტანს დასკვნას, რომ ჰესები ხეობას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს, მაშინ ჩვენც გვექნება შესაბამისი პოზიცია“, – მიმართა მერს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როინ მალაყმაძემ.
მათივე თქმით, შეაგროვებენ ხელმოწერებს და პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნიან.
ხელვაჩაურის მერი აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მანამდე კი ჩასატარებელია კვლევები.
„არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღება ხალხის საწინააღმდეგოდ. ნებისმიერი ექსპერტიზისთვის საჭიროა კვლევა, რომელიც ჩატარდება. ჯერ ჰესის მშენებლობა დაწყების ეტაპზეა“, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პოლიციის სამმართველოში შეთანხმების მიხედვით, პოლიცია მაჭახელას ხეობის ოთხ წარმომადგენელს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოჰკითხავს, რაზეც აქციის მონაწილეებმა თანხმობა განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით 112-ში შევიდა შეტყობინება ჰესის მშენებელი კომპანიის მხრიდან, რაზეც მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.