ლუქსემბურგის პრემიერი - ევროპის კონტინენტზე ქვეყნებს სურთ, ჰქონდეთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოხდება
ევროპის კონტინენტზე ქვეყნებს სურთ, ჰქონდეთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოხდება, – ასე უპასუხა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა პირველი არხის კითხვას, როგორ ხედავს საქართველოსა და ასოცირებული ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.
„ვფიქრობ, დღეს უნდა მოხდეს აზრთა გაცვლა. თუ თქვენ მეკითხებით, ევროკავშირმა უნდა მიიღოს თუ არა ახალი წევრები ხვალ, გეტყვით, რომ არა, შეიძლება ზეგ, მაგრამ ჯერ უნდა დავასრულოთ ბრექსიტი, გადავჭრათ ჩვენი პრობლემები. ევროპის კონტინენტზე ქვეყნებს სურთ, რომ ჰქონდეთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოხდება“, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში დღეს, თბილისის დროით 11:30 საათზე გაიხსნა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი: 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს; 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს; 3. ძლიერი კავშირები, რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება; 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება.