ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ბრექსიტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას „ღამის კოშმარი“ უწოდა
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ბრექსიტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას „ღამის კოშმარი“ უწოდა

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ბრექსიტის საკითხისადმი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიდგომას აკრიტიკებს. მან შექმნილ სიტუაციას „ღამის კოშმარი“ უწოდა. ეს განცხადება ქსავიე ბეტელმა ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციის გამო ბორის ჯონსონმა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა და ტერიტორია დატოვა, რის გამოც ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს პრესკონფერენციის ჩატარება მარტოს მოუწია.

ქსავიე ბეტელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვერ შეძლო ახალი შეთანხმებისთვის სერიოზული შეთავაზებების გაკეთება. როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქის მომავალი ბორის ჯონსონის ხელშია, ამიტომ ჩიხიდან გამოსვლა მისი პასუხისმგებლობა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერისთვის განკუთვნილი ცარიელი ტრიბუნის გვერდით სიტყვით გამოსვლისას ქსავიე ბეტელმა ბორის ჯონსონს მიმართა. „არ შეიძლება მომავალი მძევლად გყავდეთ პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა ქსავიე ბეტელმა.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს მეტი სჭირდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვები.

„ჩვენ გვჭირდება დაწერილი შეთავაზებები, დრო კი მიდის, ასე რომ შეწყვიტეთ ლაპარაკი და იმოქმედეთ“, – განაცხადა ბეტელმა.

მოგვიანებით, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ლუქსემბურგის პრემიერის მხრიდან არ იყო სამართლიანი პრესკონფერენციის ჩატარება, რადგან ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ხმაურობდნენ.

ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბრიტანულმა მხარემ ლუქსემბურგის ადმინისტრაციას პრესკონფერენციის შენობაში ჩატარება მოსთხოვა, რაზე უარი მიიღო.