მონაკოს “გრიმალდი ფორუმის” შენობაში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება გაიმართა. წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხორვატი ლუკა მოდრიჩი დაასახელეს, რომელმაც მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო.
“ძალიან ბედნიერი ვარ ამ პრიზის მოგებით. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, ყველას ვინც დამეხმარა ამის მიღწევაში. მადლობელი ვარ მამაჩემის, მისი დამსახურებაა, რომ აქ თქვენს წინაშე ვდგავარ”, – განაცხადა გამარჯვებულმა მოდრიჩმა. ლუკამ 313 ქულა დააგროვა და ყველას აჯობა.
უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბოლოს სამი სპორტსმენი იბრძოდა, კრიშტიანო რონალდო (223 ქულა), რეალში თამაშისას მისი თანაგუნდელი ლუკა მოდრიჩი და ლიგის ფინალისტი ლივერპულის ეგვიპტელი ლიდერი მოჰამედ სალაჰი (134). ლიონელ მესი არათუ სამეულში, 55 ქულით სულაც მეხუთე ადგილზე გავიდა, რაც ბარსელონას სუსტი თამაშითაა განპირობებული ჩემპიონთა ლიგაზე.
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) 30 August 2018
საუკეთესო მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი
უეფას პრეზიდენტის სპეციალური პრიზი ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს გადაეცა.
მონაკოში სეზონის (ჩემპიონთა ლიგის) საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელეს პოზიციების მიხედვით. საუკეთესო მეკარე ლიგის გამარჯვებული რეალის გოლკიპერი კეილორ ნავასი (222 ქულა) გახდა. კოსტარიკელმა ჯანლუიჯი ბუფონსა (92) და ალისონ ბეკერს (197) აჯობა.
სეზონის საუკეთესო მცველი რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი (184) გახდა. აღსანიშნავია, რომ მან თანაგუნდელებს, რაფაელ ვარანსა (167) და მარსელოს (145) აჯობა.
საუკეთესო ნახევარმცველი რეალის ხორვატი ლიდერი ლუკა მოდრიჩია (347), რომელმაც ტონი კროოსსა (69) და კევინ დე ბრუინს (114) აჯობა.
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო (287) გახდა, რომელიც კარიერას იუვენტუსში აგრძელებს. მან მოჰამედ სალაჰსა (218) და ლიონელ მესის (43) აჯობა.