გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოსთვის უეფა-ს მადლობას უხდის [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უეფა-ს Equal Game-ის ჯილდოსთვის მადლობა უხდის.

უეფა კაშიას ვიდეოს ავრცელებს, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„დიდი მადლობა ბატონ ალქსანდრეს ამ ჯილდოს გადმოცემისთვის. ასევე მადლობა უეფა-ს. აღნიშნული ჯილდოს მიღება დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

ჯილდოს მიღება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან მადლიერი ვარ.

ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი სიყვარული. გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს და ყოველთვის ვიდგები ადამიანების თანასწორობის მხარეს მოედანზე თუ მოედნის მიღმა“,- განაცხადა გურამ კაშიამ.

გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფა-ს პრეზიდენტისგან მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი მონაკოში გამართულ ღონისძიებას, დღეს „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩატარებული მატჩის გამო ვერ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.