უეფა-ს Equal Game-ის ჯილდო გურამ კაშიამ მიიღო
უეფა-ს Equal Game-ის ჯილდო გურამ კაშიამ მიიღო

უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფა-ს პრეზიდენტისგან მიიღო.

ქართველი ფეხბურთელი მონაკოში გამართულ ღონისძიებას, დღეს „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩატარებული მატჩის გამო ვერ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.

აღნიშნულ ქმედებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილისგან. ზოგი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ ის არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი თანასწორობის იდეას.

კაშიას მხარი დაუჭირეს თანაგუნდელებმა და სხვა ფეხბურთელებმაც. თავის მხრივ, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პირადად გამოხატა თავისი მხარდაჭერა.

„მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო.“

„მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე, და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს“ – განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში „სან ხოსეს“ მაისურით ასპარეზობს.

„აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა. #EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს – მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ჰქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოვებას.“ – განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.