კრიშტიანოს მოულოდნელი გადაწყვეტილება - პროტესტი თუ ობიექტური მიზეზი?
კრიშტიანოს მოულოდნელი გადაწყვეტილება - პროტესტი თუ ობიექტური მიზეზი?

ესპანურ გაზეთ „მარკას“ (Marca) ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდომ მონაკოში გამართული უეფას დაჯილდოვების ცერემონიალი ისე გამოტოვა, რომ არავისთვის უთქვამს, მათ შორის არც მეგობრებისთვის და არც საკუთარი ფოტოგრაფისთვის, რომელიც მონაკოში ჩავიდა და ამაოდ ელოდა ფეხბურთელის გამოჩენას.

ერთადერთი ადამიანი, ვინც განმარტება გააკეთა, „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს „კრიშტიანოს პირადი გადაწყვეტილებაა“.

რონალდოს არყოფნამ გალა-საღამოზე ბევრი ადამიანი გააწბილა და მათ შორის „რეალ მადრიდის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა საღამოს დაწყებამდე, მოუთმენლად ელოდა, როდის გადაეხვეოდა კრიშტიანოს კიდევ ერთხელ.

ფეხბურთელის ამ უცნაურმა გადაწყვეტილებამ სპეკულაციების საბაბი გააჩინა. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, კრიშტიანომ წინასწარ შეიტყო, რომ საუკეთესო ფეხბურთელად უეფა მას არ ასახელებდა და საღამო პროტესტის ნიშნად გამოტოვა.

ამ ვერსიის სასარგებლოდ რონალდოს წარმომადგენლის, ჟორჟე მენდეშის სიტყვებიც მეტყველებს: ერთ-ერთ პორტუგალიურ გამოცემასთან ინტერვიუში მენდეშმა განაცხადა, რომ უეფას მიერ საუკეთესო ფეხბურთელად მოდრიჩის დასახელება „უბრალოდ სასაცილოა“.