ლუკა კალანდია - ვიცი, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, ჩემი ძმისგან გავიგე, თუ სხვა წყაროსგან, მაგას ვერ ვიტყვი
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა მ.კ.-ს ძმა, ლუკა კალანდია გამოკითხეს.
ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„კომისიის წევრებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია. ხორავას ქუჩაზე მე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდი იმასთან დაკავშირებით, ვნახე თუ არა, რაც მოხდა. მე ჩემს ძმას არა ხორავას ქუჩაზე, არამედ პეტრიაშვილის ქუჩაზე მივაკითხე“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
კითხვაზე, მიიღო თუ არა თავისი ძმისგან ინფორმაცია, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, ლუკა კალანდიამ ასე უპასუხა: „ვიცი, რა მოხდა. ჩემი ძმისგან გავიგე, თუ სხვა წყაროსგან, მაგას ვერ ვიტყვი“.
ლუკა კალანდია მამასთან, თენგიზ კალანდიასთან ერთად ბრალდებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაში. ის 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ არის გამოყენებული. ლუკა კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.