ლუკ კოფი - ნატო-ში უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი მიდგომა, რათა ასპირანტი ქვეყნები ფინიშის ხაზთან მიიყვანონ
ლუკ კოფი - ნატო-ში უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი მიდგომა, რათა ასპირანტი ქვეყნები ფინიშის ხაზთან მიიყვანონ

ნატო-ში უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი მიდგომა, რათა ასპირანტი ქვეყნები ფინიშის ხაზთან მიიყვანონ. აღნიშნულის შესახებ „ჰერითეიჯ ფაუნდეშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა საქართველოს რადიოსთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ნატო-ს უნდა ჰქონდეს უფრო შემოქმედებითი მიდგომა, რათა ასპირანტი ქვეყნები ფინიშის ხაზთან მიიყვანონ. მაგალითისთვის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას 2008 წელს დაჰპირდნენ და ახლა 13 წლის შემდეგ წევრობის პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ ჩანს. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

როგორც ლუკ კოფი ამბობს, მისი ინიციატივაა, რომ ნატო-მ მიიპატიჟოს საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ამავე დროს ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება.

„ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ეს გამართლებულია, რადგან საქართველოს უკვე აღებული აქვს ცალმხრივი ვალდებულება, რომ ამ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალას არ გამოიყენებს. თუ საქართველოს ეს ვალდებულება ისედაც აქვს აღებული, მაშინ რაში სჭირდება ამ ტერიტორიებს ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია? ჩემი აზრით, ეს უსარგებლო დაბრკოლებაა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისთვის და ამავე დროს, სწორედ ეს აძლევს რუსეთს დე ფაქტო ვეტოს. ძალიან დავიღალე წლების განმავლობაში, კონფერენციიდან კონფერენციამდე, სამიტიდან სამიტამდე ერთი და იმავე ფრაზების მოსმენით: საქართველო ნატო-ს გზას ადგას, საქართველო პროგრესს განიცდის, ნატო-საქართველოს ახლო ურთიერთობები აკავშირებთ. ცხადია, ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა და დროა ქმედებებზე გადავიდეთ. ეს კი მოითხოვს ლიდერობას და შემოქმედებით მიდგომას“, – განაცხადა კოფიმ.

„ჰერითეიჯ ფაუნდეშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორთან ინტერვიუს მოისმენთ, პარასკევს 18 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.