ლუკ დევინიე - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს
ლუკ დევინიე - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ლუკ დევინიემ განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

ამასთან, გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საკითხებზე, რომლებიც უნდა გამოსწორდეს.

„პირველ რიგში, მინდა, შევეხო ასოცირების შეთანხმებას. მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს წარმატების ისტორიაა. ჩვენ ვხედავ, რომ ასოცირების შეთანხმებამ განუზომელი სარგებელი მოუტანა ქართველ ხალხს, ბიზნესს, მცირე და საშუალო საწარმოებს. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ხარვეზიც, რომლის გამოსწორება აუცილებელია. ბევრი მათგანი უკავშირდება კარგ მმართველობას, კანონის უზენაესობას და მინდა, ორი სიტყვა ვთქვა შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე.

8 მარტის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომლიც ემსახურებოდა საქართველოში სიტუაციის დეპოლარიზაციას. ეს იყო წარმატებული მცდელობა. მე მიხარია, რომ ჩვენი ელჩი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რათა გარემოს დეპოლარიზაცია მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური საარჩევნო რეფორმა განხორციელდეს და მას მეორედ არ შეექმნას დაბრკოლება, მეორედ არ ჩავარდეს, რაც წარსულში უკვე ვნახეთ“, – განაცხადა დევინიემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-სა და ოდირი-ს რეკომენდაციები, რომლებიც წინა არჩევნებთან დაკავშირებით იყო გაცემული, შესრულდეს.

„მათ შორის, ისეთი საკითხები, როგორიცაა ადმინისტარციული რესურსები გამოყენება, დავების გადაჭრა, მედია კამპანიების დაფინანსება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში გამოჩენილი ხარვეზები გადაიჭრას

ბოლოს, მინდა, აღვნიშნო რომ ევროკავშირი განსაკუთრებით შეშფოთებულია დაძაბულობის ზრდით ადმინისტარციულ სასაზღვრო ხაზზე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა არის კატეგორიულად მიუღებელი. განსაკუთრებით, „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, რაც ჰუმანიტარულ სიტუაციას ამწვავებს. ევროკავშირის მისია განაგრძობს ადგილზე პატრულირებას, მიუხედავად ამ სიტუაციისა. ევროკავშირის მხრიდან საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა ლუკ დევინიემ.