გია ვოლსკი - რაც მეტი იქნება მიღწევა, პოზიტიური ნაბიჯი, მით მეტი იქნება დესტრუქციის მცდელობა და მწვავე შეტევები ნებისმიერი მიმართულებით
გია ვოლსკი - რაც მეტი იქნება მიღწევა, პოზიტიური ნაბიჯი, მით მეტი იქნება დესტრუქციის მცდელობა და მწვავე შეტევები ნებისმიერი მიმართულებით

რაც მეტი იქნება მიღწევა, პოზიტიური ნაბიჯი, მით მეტი იქნება საკმაოდ ორგანიზებული დესტრუქციის მცდელობა და მწვავე შეტევები ნებისმიერი მიმართულებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლისთავთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს ასოცირებული წევრობა ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის თემაა.

ვოლსკის შეფასებით, გასაძლიერებელია პროპაგანდა იმის შესახებ, თუ რას მიაღწიეს და რას აპირებენ სამომავლოდ.

„ვფიქრობ, ევროკავშირში ჩვენი ასოცირებული წევრობა ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის თემაა. არა მარტო ეს თემა, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც მეტი იქნება მიღწევა, პოზიტიური ნაბიჯი, თუნდაც ავიღოთ თავისუფალი ვაჭრობის, თავისუფალი მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან და ნატო-სთან პარტნიორობის ის ხარისხი, რომელიც საქართველოს არასოდეს ჰქონია, მით მეტი იქნება საკმაოდ ორგანიზებული დესტრუქციის მცდელობა და საკმაოდ მწვავე შეტევები ნებისმიერი მიმართულებით.

საზოგადოება მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო პერიოდში და მნიშვნელოვნად გადაასწრო ზოგიერთი პოლიტიკური პრტიის ინტელექტს, რომელიც კვლავ ჩარჩენილია იმ პერიოდში, როდესაც დაპირისპირების ეს ხარისხი განაპირობებდა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის პოპულარობას. ვფიქრობ, რომ მისალოცია და მეტად გასაძლიერებელია პროპაგანდა იმისა, თუ რა გვქონდა, რას მივაღწიეთ და რას ვაპირებთ სამომავლოდ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.