საგარეო უწყება - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოჰყვა
საგარეო უწყება - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოჰყვა

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის თავზე, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოჰყვა და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება განხორციელდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

„საქართველო აგრძელებს ევრო-რეგულაციებსა და ევრო-დირექტივებთან საკანონმდებლო დაახლოებას, შედეგად, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერ რეფორმატორ ქვეყანადაა აღიარებული.

ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (15%), ხოლო ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%). შეთანხმებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირებისა და პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაც ახალ ეტაპზე გადავიდა და 2016 წელს, საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მთლიანობაში ერთ მილიარდ ევროს გადააჭარბა. შეთანხმების ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მასშტაბები, რაც ყოველწლიურად, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 120-130 მილიონ ევრომდე დახმარებას შეადგენს, ხოლო მრავალმხრივ ფორმატში საქართველო დამატებითაა ჩართული სხვადასხვა რეგიონალურ დახმარების პროგრამებში.

დამატებითი იმპულსი მიეცა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობას (ERASMUS+, ჰორიზონტი 2020, შემოქმედებითი ევროპა) და ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობას (FRONTEX, EUROPOL, EUROJUST და ა.შ.).

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო, 2017 წელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას.

აღნიშნული მიღწევების შედეგად, 2024 წლისთვის საქართველო გეგმავს უზრუნველყოს შეთანხმების 60-65%-იანი შესრულება და გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.