ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ გაერო „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს
საქართველოში გაერო-ს ელჩი ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
„ამ კონკრეტულ სასამართლო საქმეზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან დეტალები არ ვიცი. ზოგადად შემიძლია მოგახსენოთ, რომ თავისუფალი მედიისა და ალტერნატიული აზრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობას ყოველთვის ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
6 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს. ნიკა გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შესავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.