ნიკა გვარამია - დღეს მედავება იმ გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომლის დირექტორობის დროსაც, 2009-2012 წლებში „რუსთავი 2“-ში ბუღალტერიაც არ არსებობდა
ნიკა გვარამია - დღეს მედავება იმ გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომლის დირექტორობის დროსაც, 2009-2012 წლებში „რუსთავი 2“-ში ბუღალტერიაც არ არსებობდა

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან სოლიდარულად ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ნინო ნიჟარაძე, რომელიც არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე, „ითხოვს თანხას, მათ შორის, კომპენსაციას დაგროვილი გადასახდების სახით, როგორც თავად ამბობს, 2015 წელს გამქრალ 10 მილიონს, სულ ჯამში ჯამში 26 მილიონ ლარს“.

„მოდი, ვნახოთ, რას შვებოდა გოგი გეგეშიძე დირექტორობის დროს. 2009 წელს კომპანიის შემოსავალი იყო 25 მილიონი, 2010 წელს – 47 მილიონი, 2011 წელს – 38 მილიონი; 2012 წელს, რაც მე დამხვდა, 31 მილიონი. გასავალი ყოველთვის უფრო მეტია. 2012 წელს, როცა დამხვდა, იყო გასავალი მეტი, მაგრამ 2010 წელს არის შემოსავალსა და გასავალს შორის პლუს ექვსი მილიონი“, – აღნიშნა ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, გოგი გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ იყო პლუსში.

„საგადასახადო შეთანხმებით გადასახადი 2010 წელს განულდა. განულდა 2012 წელსაც. აი, ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც კომპანია დახვდა სავალალო მდგომარეობაში, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმობარდა. არც არსებობდა პრაქტიკულად ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს, არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წელს გაჩნდა ამ კომპანიაში რეალურად ბუღალტერია. 2012 წლის მეორე ნახევრიდან, 2013 წელს, მოდი, ასე ვთქვათ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, კომპანიამ 2013 წლიდან დაიწყო გადასახადების გადახდა და 2016 წლის სექტემბრამდე იხდიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღიარა, რომ 2016 წლის სექტემბრიდან დღემდე კომპანია გადასახადებს არ იხდის.

„რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებებს, ეს დავალიანებები დაგროვილია. ჩვენ არ ვიხდით 2016 წლის სექტემბრიდან. მანამდე გადასახადებს ვიხდიდით სრულად, მათ შორის ყადაღის დადების შემდეგაც, წელიწად-ნახევარი. უბრალოდ, 2016 წლის სექტემბერში შეუძლებელი გახდა არსებობა გადასახადების გადახდის პირობებში და ჩვენ ვარჩიეთ კომპანიის ინტერესები. ამას გარდა, ჩვენ ამ დარიცხულ გადასახადებზე ვდაობთ სტრასბურგში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამია მოსარჩელე მხარეს სთავაზობს, იდავონ არა ქართულ, არამედ საარბიტრაჟო სასამართლოში.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომაპნია „რუსთავი 2“ გადადის თავდასხმის რეჟიმზე.

„დაიხურება “რუსთავი 2” და გაიხსნება ახალი, იგივე სახეებით. ეს არაფერს შეცვლის, ჩვენ ამ ომის წაგებას არ ვაპირებთ“, – აცხადებს ნიკა გვარმაიამ.