თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
„ჩვენს კლინიკაში მოყვანილ იქნა 24 წლის მამაკაცი მუცლის ღრუში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ჭრილობა იყო მუცლის ღრუში შემავალი, დაზიანებული იყო ღვიძლი. მდგომარეობა თავიდან სტაბილური იყო, უმნიშვნელო სისხლის კარგვა იყო მუცლის ღრუში. გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია, გაკეთდა ჰეპატორაფია, ჰემოსტაზი, ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ავადმყოფი იმყოფება პალატაში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ქირურგმა დავით დავითაშვილმა.
შემთხვევა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მაღაზია „სპარში“ მოხდა. დაჭრილი მაღაზიის თანამშრომელია. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.