„ლოუნლი ფლანეთი“ - საქართველოს სწრაფი ჩაკეტვით წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდა
საქართველოს სწრაფი ჩაკეტვით წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდა, – ამის შესახებ გამოცემა „ლოუნლი ფლანეთის“ (Lonely Planet) სტატიაშია აღნიშნული, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის დროს საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს უკავშირდება.
სტატიაში წერია, რომ მოგზაურებს, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ დანარჩენ მსოფლიოს, შეძლებენ იპოვონ უმრავი შესაძლებლობა მსოფლიოს პანდემიისგან სულის მოსათქმელად საქართველოს იზოლირებულ მთებში.
სტატიის თანახმად, ზაფხულში საქართველოს მთები საფეხმავლო ტურიზმისთვის პოპულარულია, მაგრამ ისეთ ტურისტულ ცენტრებში მცხოვრები საზოგადოება, როგორიცაა სვანეთი და თუშეთი, ექსტრემალური სიმაღლის და ძლიერი თოვლიანი ქარბუქის გამო, წლის უმეტეს ნაწილში გარესამყაროსგან მოწყვეტილია.
„ლოუნლი ფლანეთის“ სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთები შესაძლოა, ზაფხულში საფეხმავლო ტურიზმისთვის კარგი ადგილი იყოს, ტურიზმის ინდუსტრიის ხელახალმა გახსნამ უნდა უზრუნველყოს, რომ სოფლის თემები და ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები დაცული იქნებიან „კოვიდ-19“- ის შემდგომი აფეთქებისგან.
სტატიაში მოყვანილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან, საერთაშორისო ტურიზმი კი პირველი ივლისიდან გაიხსნება და საბიუჯეტო ავიაკომპანიები, „რაინეარი“ და „ვიზ ეარი“ ფრენებს რეგიონის მასშტაბით განაახლებენ.
„კორონავირუსის გამო საქართველოს ჩაკეტვამდე, 2019 წელს ტურისტების რიცხვმა ცხრა მილიონს გადააჭარბა” – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება, რომ თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს უძველესი სტუმართმოყვარეობის ტრადიციით იცნობდა, ახლა მსოფლიო საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად აღიარებს და ქვეყანას სურს გამოიყენოს კონკურენციული უპირატესობა, რაც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში შეიძინა.
„ლოუნლი ფლანეთთან“ საუბარში, კომპანია „თბილისი ფრი ვოლკინგ თურსის“ დამფუძნებელი, ლევანი გიორგაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის მუშაკები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხო და საზღვრები რაც შეიძლება მალე გაიხსნას. სტატიის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას გარკვეული შეზღუდვები ექნება, როგორიცაა: ჯგუფში 10-15 ადამიანი, სახის ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და სხვა.
სტატიის მიხედვით, ქართული კომპანიები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს ვითარება გაუმჯობესდება და ასევე ამბობენ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი აღმოსავლეთ ევროპაში.