ლორენს მერედიტი - აღმოსავლეთ პარტნიორებში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ყოველთვისაა განსხვავებული ხედვები, თუმცა უნდა ვფოკუსირდეთ საერთოზე
ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის წარმომადგენელი, ლორენს მერედიტის აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე მეტად დაწინაურებული ქვეყანაა, რომელმაც მკაფიოდ დასავლური კურსი აირჩია და რეფორმირებას განაგრძობს.
მერედიტი მიესალმება ახალი საგზაო რუკის პროექტს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დამატებით შესაძლებლობებს მოიცავს.
„რაც სხვა ქვეყნების წარსულმა გვაჩვენა ისაა, რომ როდესაც არსებობს ძლიერი ჩართულობა და რეფორმების სურვილი, პროგრესიც უფრო სწრაფად მიიღწევა. ამიტომაც, მივესალმებით მთავრობის ინიციატივას საგზაო რუკასთან დაკავშირებით, რათა განახორციელონ ის რეფორმები, რაც მათი აზრითაა საჭირო, მიზნის მისაღწევად. კომისარმა ჰანმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა მოგერინიმ, ოფისში მოსვლისთანავე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან და ახალ წევრებთან ერთად მკაფიო ხედვა დაისახა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში. ამ გზავნილის მთავარი სათქმელი კი ის იყო, რომ ეს არის შემოთავაზება, მაგრამ მას სჭირდება დეტალური გათვლა და დიფერენცირება”, – განაცხადა მერიდიტმა.
მისი თქმით, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორებში, ისე წევრ ქვეყნებში ყოველთვისაა განსხვავებული მიდგომები, ხედვები, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს აქვთ ბევრი საერთოც.
„შესაძლოა, ისინი სხვადასხვა გზაზე დგანან, სხვა ადგილებს უმიზნებენ, მაგრამ ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფო და აღმოსავლეთ პარტნიორები უდავოდ თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც საერთო გვაქვს. ამ კონტექსტში უნდა ითქვას, რომ საქართველო ნამდვილად აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია, ჩვენ კარგად ვხედავთ პროგრესს ბევრი მიმართულებით. საქართველომ უდავოდ აირჩია მკაფიო გზა, მიიღო ასოცირების ხელშეკრულება, სარგებლობს უვიზო რეჟიმით, რომელიც უკვე 300 ათასმა ქართველმა გამოიყენა. ეს ნამდვილად აჩვენებს იმას, რომ საქართველო განსხვავებული შემთხვევაა,“- განაცხადა პირველ არხთან ინტერვიუში მერედიტმა.