ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარისთვის ბოდიშს იხდის
ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარისთვის ბოდიშს იხდის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარისთვის ბოდიშს იხდის.

საქმე ეხება ლორა თორნტონის მიერ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კომენტარს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.

აღნიშნული განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ამასთან დაკავშირებით ლორა თორნტონმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, სადაც წერს, რომ მას არ ჰქონია მიზნად დასახული საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება.

„ფეისბუქზე“ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებაში NDI-ის ხელმძღვანელი ბოდიშს იხდის.

„კომენტარი გავაკეთე ჩემს პირად გვერდზე სოციალურ მედიაში, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც არასამართლიანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. ბოდიშს ვიხდი ამისთვის, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე მჯერა მტკიცე ურთიერთობების, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. NDI-ის ოფისი იმ სამუშაოს ერთგულია, რომელსაც საქართველოში ასრულებს“, – წერს ლორა თორნტონი.