ირაკლი მეზურნიშვილი - უნგრეთი ჩვენი ძალიან დიდი მეგობარია, მალე იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს
ირაკლი მეზურნიშვილი - უნგრეთი ჩვენი ძალიან დიდი მეგობარია, მალე იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, უნგრეთი მეგობარი ქვეყანა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდამჭერია.

მეზურნიშვილის თქმით, საქართველო მალე ელოდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისტორიულ გადაწყვეტილებას და ასეთ ვითარებაში საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

„უნგრეთი ჩვენი ძალიან დიდი მეგობარია. ბოლო პერიოდში ინტენსიური ვიზიტები განხორციელდა საქართველოში პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციის ჩამოსვლა ამ ქვეყანაში, რადგან შევედით ბოლო ფაზაში. სულ მალე იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ ნაწილში, მაგრამ ჩვენ გვინდა არა მარტო მხარდაჭერა, გვჭირდება ლობირების საკითხიც, რომ დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, დაარწმუნოს, რომ მართლაც ვიმსახურებთ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიიღოს საქართველომ სტატუსი. ამიტომ ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი ვიზიტი დაიწყო და დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტი დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.