ლორა თორნტონი - კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი გზავნილია პარტიებისადმი, რომ მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს
ლორა თორნტონი - კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი გზავნილია პარტიებისადმი, რომ მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს

კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი გზავნილია პარტიებისადმი, რომ მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს, – ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„როგორც ვნახეთ, შედეგების მოხედვით, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ასახელებს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, რომელსაც უჭერს მხარს. მეორე ნახევარი გადაუწყვეტელის პოზიციაში რჩება, რაც საკმაოდ უცნაურია. კვლევა ზუსტად არჩევნების შემდეგ პერიოდში ჩატარდა და არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ პარტიების მხარდაჭერა ზოგადად უფრო მაღალია, რაც ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა. ვფიქრობ, რომ პარტიებისადმი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ მხარდაჭერის გაზრდაში, მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს“, – აღნიშნა თორნტონმა.

მისივე თქმით, პარლამენტის მიმართ მოსახლეობა საქართველოშიც კრიტიკულია, თუმცა მსგავსი ტენდენცია ბევრ ქვეყანაში იკვეთება. თორნტონის განმარტებით, აშშ-ისთან შედარებით, ​საკანონმდებლო ორგანოსადმი დამოკიდებულება საქართველოში უფრო პოზიტიურია.

„რაც შეეხება პარლამენტს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მოსახლეობა საკმაოდ კრიტიკულია პარლამენტის მიმართ, თუმცა, მაგალითად, აშშ-ისთან შედარებით, ბევრად პოზიტიური შეფასება აქვს პარლამენტს. დაახლოებით 10 პროცენტი ამბობს, რომ მათ მიუღიათ მონაწილეობა პარლამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, რაც არის, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. თუმცა, უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება პარლამენტს, რათა მოსახლეობა სხვადასხვა გზითა და მეთოდით ჩართონ თავიანთ საქმიანობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ძალან ცოტას აქვს ადეკვატური ინფორმაცია“, – განაცხადა თორნტონმა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.