ლოპოტას ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა, შაბათს თელავის მერის მონაწილეობით შეხვედრა იგეგმება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. მოსახლეობამ ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც აქციის მონაწილეებთან თელავის მერი ლევან ანდრიაშვლი ჩავიდა, რომელმაც მათი პოზიცია და არგუმენტები მოისმინა.
თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მოსახლეობისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა, მერთან ერთად, შაბათს გაიმართება. შეხვედრაზე ორივე მხარე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარ არგუმენტებს წარადგენს. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, დათანხმდებიან თუ არა ლაფანყურელები სამუშაოების დაწყებას.
მდინარე ლოპოტაზე 5.9 მეგავატის სიმძლავრის ჰესის – „ლოპოტა-1“-ის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში შპს „ართანა ლოპოტა“ რამდენიმე წელია, აპირებს, თუმცა ამის საშუალებას ადგილობრივი მოსახლეობა არ აძლევს.
აქციის მონაწილეები, როლებმაც დღეს კომპანიის მიერ ტექნიკისა და რკინის კონსტრუქციების მიტანა გააპროტესტეს, ხეობაში მორიგეობის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა შაბათს დაგეგმილი შეხვედრის გამო, აქცია დროებით შეწყვიტეს.