ლონდონში ბრექსიტის მოწინააღმდეგე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს
ლონდონის ქუჩებში ბრექსიტის მოწინააღმდეგე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს, რადგან, მათი თქმით, ორგანიზაციიდან გასვლა ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრექსიტმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ბრიტანეთის ეკონომიკასა და რიგითი ადამიანების ცხოვრებას.
„ბრექსიტი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთში მოხდა. ეს გადაწყვეტილება ყველას ყოველწლიურად ათასი ფუნტი უჯდება. ასობით ბიზნესი გაჩერდა „ბრექსიტის“ გამო. სუპერმარკეტების თაროები ცარიელია. მედიკამენტების დეფიციტია და ყოველ ჯერზე, როცა აეროპორტში მივდივართ, სამუდამოდ უნდა ვიყოთ რიგში. ეს უნდა შევცვალოთ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეფერენდუმის შემთხვევაში ბრიტანელების 59 პროცენტი მხარს დაუჭერდა ქვეყნის ევროკავშირში დაბრუნებას.
შეგახსენებთ, 2016 წლის 23 ივნისს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის დატოვებას 52 პროცენტით, 48 პროცენტის წინააღმდეგ. ქვეყანამ ევროკავშირი 2020 წლის იანვარი დატოვა. 2021 წლის პირველ იანვარს ბრიტანეთმა ევროპის ერთიანი ბაზარი და ევროკავშირის საბაჟო კავშირი დატოვა.