ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის 2019 წელი გამოწვევებითა და სიახლეებით გამოირჩეოდა
10 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღე აღინიშნება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 10 მაისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ ჩამოყალიბდა.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, სახელის ცვლილებასთან ერთად, სამსახურს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაემატა.
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სამსახურის ერთი წლის საქმიანობისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ საუბრობს.
„ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 10 მაისს ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე შემოვუერთდი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ეს წელი გამოწვევებითა და სიახლეებით გამოირჩეოდა, თუმცა დღეს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე გავამახვილებ ყურადღებას:
სწორედ ამ ერთი წლის განმავლობაში სამსახურს დაემატა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; სამსახური ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურითა და დაკომპლექტდა კონკურსის საფუძველზე შერჩეული პროფესიონალი კადრებით; თბილისსა და ქუთაისში დამატებით ამოქმედდა ორი ახალი ოფისი; ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვის მიზნით, გაძლიერდა ანალიტიკური მიმართულება; განხორციელდა სამსახურის რებრენდინგი და ამოქმედდა ახალი ვებგვერდი; დაინერგა დანაშაულის შესახებ შეტყობინებების მიღების 24 საათიანი ცხელი ხაზი; საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების შემდგომ, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე სამსახურში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო 162 სისხლის სამართლის საქმეზე. ჩატარდა 2000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“,- აცხადებს თოლორაია.
მისივე თქმით, ბოლო ერთ წელში ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები ჰქონდათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით.
„საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიღება ჩვენს კანონმდებლობას დაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვას;
ჩვენმა ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საგაზაფხულო კონფერენციას – ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ევროპულ ფორუმს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში; ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახურმა დაიწყო მასშტაბური პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეული 20 სტუდენტი ჩაერთვება სამსახურის მიერ ინიცირებულ პროექტებში; პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამსახურმა 1000-მდე დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ ჩაუტარა ტრენინგი, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს;
ამ პერიოდის განმავლობაში შესწავლილ იქნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების 500-ზე მეტი ფაქტი. აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 3000-ზე მეტ პირს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სამსახურის ინსტიტუციური ჩამოყალიბების პროცესში. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეული თანამშრომლის მიმართ ამ ერთი წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის.
ჩვენ ვეცდებით, ყოველწლიურად უფრო მეტი სიახლისა და წარმატებული ისტორიების შესახებ მოგიყვეთ“,- აცხადებს ლონდა თოლორაია.