რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება
საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ალიანსში იმ ქვეყნების შესვლა, რომლებიც წევრები არ არიან, მთელ სურათზე აისახება. ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება, არამედ მთლიანად ჩვენს პრინციპულ პოზიციას. არც ისე დიდი ხნის წინ მე ინტერვიუ მივეცი სკანდინავიურ გამოცემას, ქვეყნის, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, თუმცა მას იქ აქტიურად ექაჩებიან. მკითხეს, რატომ ამბობს რუსეთი, რომ ამას შედეგები ექნება. მე ვუპასუხე – იმიტომ, რომ მოხდება ცვლილებები, ხოლო როდესაც ცვლილებები ხორციელდება ერთი მხრიდან, ამას მოჰყვება შედეგები სხვა მხრიდან. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით“, -განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.