დღეიდან უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მომსახურების სააგენტომ უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში ცვლილება განახორციელა, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლისთვის, აუცილებელია, რომ მოქალაქე მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, ერთი წლის განმავლობაში.
საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• განცხადება
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
• უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა
• კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს)
• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
• მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა.
შსს-ს განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია შეესაბამება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს (2006/126/EC) დირექტივას და იგი ხელს შეუწყობს ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში თანაბარი მიდგომის ჩამოყალიბებას.