თეთნულდზე გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის ჩამოსასვენებლად სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება
თეთნულდზე გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის ჩამოსასვენებლად სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება

მესტიაში, თეთნულდზე გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის ცხედრის ჩამოსასვენებლად, სამაშველო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-სამაშველო ჯგუფი ხვალ, 07:00 საათიდან განაახლებს.

როგორც სამსახურში განმარტავენ, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, სამაშველო ვერტმფრენი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შემთხვევის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, თეთნულდზე მეხუთე დღეა თოვლი, ნისლი და ქარია, რაც ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას შეუძლებელს ხდის. ურთულესი რელიეფისა და ზვავსაშიშროების გამო კი, სამაშველო ჯგუფის გადაადგილებაც შეუძლებელია.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 18 ივლისიდან 24-საათიან რეჟიმში მობილიზებულია, რომ შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, სამაშველო ოპერაცია განაახლოს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 18 ივლისს სამთო-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი უკრაინელი ტურისტის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.