ტერეზა მეი ევროკავშირს მიმართავს - ნუ გვიყენებთ მიუღებელ მოთხოვნებს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირს მოუწოდებს, „ბრექსითისთან“ დაკავშირებით მიუღებელი შეთავაზებებისგან თავი შეიკავოს.
ტერეზა მეის თქმით, ლონდონი უკვე წავიდა დათმობაზე და შეთანხმების პირობებში კორექტივები შეიტანა. ამასთან, ბრიტანეთის მთავრობის მეთაური, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას კატეგორიულად მოითხოვს.
„დადებითი შედეგის მისაღწევად, ევროკავშირმა, ისევე, როგორც დიდმა ბრიტანეთმა მოთხოვნებს უნდა გადახედოს“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სტატიაში ტერეზა მეი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონა მხოლოდ პროდუქტებზე უნდა გავრცელდეს და არა მომსახურებაზე. ევროკავშირში კი ამტკიცებენ, რომ ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გაერთიანებულ სამეფოში მომსახურების დამოუკიდებელი სექტორი შეიქმნას, რაც კონკურენციას ძირს უთხრის.
ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობას არ მოსწონს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის საბაჟო პუნქტი უნდა გაიხსნას. „არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მოითხოვოს საბაჟოს ჩადგმა გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ ნაწილებს შორის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
ამ მოთხოვნებს დღეს საღამოს ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ პირადად ტერეზა მეისგან მოისმენენ. ზალცბურგში მიმდინარე ევროკავშირის სამიტის მთავრი თემაა სწორედ „ბრექსითი“.