თეატრში რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდეს
პროფესიულ თეატრში, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდეს.
შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ თამბაქოს მოწევა დასაშვები იქნება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაში რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მხოლოდ მსახიობის ან შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ, თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ მაყურებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედდა. საგაზაფხულო სესიაზე, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია წინადადებით გამოვიდა, რომ პროფესიულ თეატრში თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდეს, რადგან არსებული აკრძალვის შედეგად, სპექტაკლის დადგმისას პრობლემები იქმნება.