სერგი კაპანაძე - სრულიად ნათელია, რაც ხდება და რა როლი აქვს მირზა სუბელიანს
ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგი კაპანაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც კაპანაძემ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, ვინც ჩანაწერი მოისმინა და ვინც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შესახებ ინფორმირებულია, მისთვის ნათელია, რაც ხდება.
„ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაც უფრო შორს შეტოპეს სრულიად ამაზრზენი ფაქტის „გაპრავებაში“, მით უფრო უაზრო და არალოგიკური არგუმენტები უნდა მოიშველიონ. ვინც მოისმინა და ვინც ხორავას საქმესთან დაკავშირებით კომისიის სხდომებს თვალ-ყურს ადევნებდა, სრულიად ნათელია, რაც ხდება, რა როლი აქვს მირზა სუბელიანს და სრულიად ნათელია, როგორ დააფარა მან ხელი და როგორ დააფარეს მას, როგორ გაურიგდნენ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს. ახლა, აქედან ერადერთი გამოსაძრომი ეს სიგიჟეა, თურმე, ჩვენი და ჩემი ყოფილა მირზა სუბელიანი და ამას ხელისუფლების წინააღმდეგ ვიყენებთ. არ ვიცი, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ, ასევე ბოდვაზე, რაც ბიუროზე მოვისმინეთ. 2012 წელს ხალხმა „ქართული ოცნება“ ამ ბოდვისთვის არ აირჩია. ვფიქრობ, ხალხმა მათ მალე პოლიტიკური წირვა უნდა გამოუყვანოს და ოპოზიციაში გაუშვას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს, დღეს შეფასებები ბიუროს სხდომაზე გაკეთდა, როცა სერგი კაპანაძემ ამ კონტექსტში პარლამენტის როლზე კითხვა დასვა.