საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თბილისის მერიის თასის გამარჯვებულია [ფოტოგალერეა]
დიღომში, ოლიმპიურ აუზზე დასრულებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებია. თბილისის მერიის თასზე ასევე მონაწილეობდნენ სლოვაკეთის, თურქეთისა და ყაზახეთის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრებმა სამივე მეტოქე დაამარცხა, დღეს კი თურქეთს 19:5 მოუგო და პირველობა დამსახურებულად მოიპოვა.
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. „თბილისის თასზე“ მეორე ადგილი სლოვაკეთმა დაიკავა, მესამე – ყაზახეთის ნაკრებებმა. აღნიშნული ტურნირი არის ყოველწლიური და ევროპის ფედერაციის (LEN) ეგიდით ტარდება.
ქართველი წყალბურთელებისთვის ეს ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იყო 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 14-28 ივლისს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარდება.
შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.
„უპირველესად, ჩვენს გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ტურნირზე გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადაა”, – ამბობს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ წყალბურთელებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
„ზოგადად, წყალბურთი საქართველოში ყოველთვის პოპულარული სპორტი იყო, თუმცა გარკვეული წლები სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სპორტის ეს სახეობა, ისევე როგორც სხვა სახეობები, წინ წამოვწიოთ. დედაქალაქის მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება. საკმაოდ კარგი ახალგაზრდები მოდიან, კარგი ნაკრები გვყავს და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზებთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ზუკა რურუა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე დარწმუნებულია, რომ ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გააუმჯობესებენ.
„ტუნრირზე გამარჯვება ევროპის ჩემპიონატამდე დიდი სტიმულია. თუმცა, ეიფორიაში არ ვართ და ნაკლიც დავინახეთ. მაგრამ მოთამაშეები ისეთი მონდომებულები არიან, დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე შედეგს გავაუმჯობესებთ – ჩვენი მიზანი მინიმუმ 2 შეხვედრის მოგებაა”,-განაცხადა რურუამ.