ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობაში ორი მეშახტის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც გამოკითხვის შემდეგ, მინდელის შახტის ოსტატ-ამფეთქებელმა, გოჩა ქურციკიძემ განაცხადა, გამომძიებელმა მას კითხვები შახტში აფეთქების სპეციფიკასთან დაკავშირებით დაუსვა.
„მკითხეს, როგორ ვაფეთქებთ, რამდენი მეტრის მოშორებით უნდა იყვნენ აფეთქებისას თანამშრომლები ა.შ. მე პირადად, შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა ქურციკიძემ.
გამოკითხული მეშახტის ბესიკ ბოჭორიშვილის განცხადებით კი, მის მიმართ კითხვები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით დაისვა. „ალბათ უსაფრთხოება დაცული არ არის“, – განაცხადა მან.
პოლიციაში კიდევ ორი მეშახტის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.