მამუკა ბახტაძე - ვაპირებთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმები
ჩვენ ვაპირებთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ საინტერესო გამოცდილებას გაეცნობიან.
„ჩვენ ხელშესახები წარმატებები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია, ეს არ გახლავთ საკმარისი. გასულ კვირას, ჩვენ პარლამენტში განვაცხადეთ, რომ გვსურს, თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ. ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და ამავე დროს, ვაპირებთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, ანტიკორუფციული სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს, ორიენტირებული უნდა იყოს მის პრევენციაზე.
„ამისთვის კი, საზოგადოებრივი ჩართულობა ამ პროცესებში, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ზედამხედველობაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
OGP გლობალური სამიტი ფილარმონიაში მიმდინარეობს, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
ამასთან, თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ღონისძიების მონაწილეებს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია სიტყვით მიმართავს.