მამუკა ბახტაძე - ინვესტიციების მოცულობამ 390 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ადასტურებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს დგამს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ხელმძღვანელმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანას პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიმართულებით დადებითი ტენდენციები აქვს.
„ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 390 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 9,5 პროცენტით მეტია. ასევე, გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და თითქმის 180 მლნ დოლარი შეადგინა. ეს ციფრები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ რეგიონში ეკონომიკურ ტურბულენტობას გავითვალისწინებთ, კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რომ ინვესტორებს ასეთი მზარდი რწმენა აქვთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება მნიშვნელოვანი სექტორების მიხედვით“, – აღნიშნა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი მშენებლობის სექტორის სტატისტიკაც შეეხო და განაცხადა, რომ მშენებლობის ნაწილში გარკვეული შემცირებაა და დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა მშენებლობის სექტორში დამატებითი ინვესტიციები იქნას მოზიდული.
„სასიხარულოა, რომ გაზრდილია ინვესტიციები რეალურ სექტორში, რადგან სწორედ ეს არის სექტორი, სადაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, ასევე ეკონომიკური სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანი ზრდის მიმართულებით. ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო რეფორმები და ის რეფორმები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ეხება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიური კავშირების გაძლიერებასთან ერთად კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ინვესტიციებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.