ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს ბრალი წარედგინა.
ბრალის წარდგენის პროცესს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, მისი მშობლები და ადვოკატები ესწრებოდნენ.
ადვოკატების თქმით, დაკავებული არასრულწლოვანი ბრალის დადგენილებაში არსებულ ფორმულირებას ნაწილობრივ აღიარებს.
ადვოკატ გოჩა კვარაცხელიას განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ დაკავებული არასრულწლოვანი ნამდვილად შეხვდა მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, რაზეც სასამართლოში არ უსაუბრია. თუმცა ადვოკატის განცხადებით, თავად ზაზა სარალიძემ უთხრა დ.ღ-ს შეხვედრაზე, რომ ეს საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე არასრულწლოვანს რამე მნიშვნელოვან გარემოებაზე არ უსაუბრია.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და ცრუ ჩვენება მისცა.