ჯორჯიის შტატის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრალის წარდგენაზე გადაწყვეტილება ზაფხულში გამოცხადდება
ჯორჯიის შტატის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრალის წარდგენაზე გადაწყვეტილება ზაფხულში გამოცხადდება

ჯორჯიის შტატის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალის წარდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას ამ ზაფხულს გამოაცხადებს.

პროკურატურა დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების მიერ ჯორჯიაში 2020 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს.

NBC News-ის ცნობით, ფულტონოს საოლქო პროკურორმა, ფანი უილისმა ოლქის შერიფისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 11 ივლისიდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში.

როგორც უილისი წერილში წერს, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებების გამოცხადებას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვეს, ამიტომ საჭირო იქნება გაზრდილი ყურადღება.

„ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ, რომ, შესაძლოა, ზოგი გაცდეს საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის ჩარჩოებს, რომლებსაც კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს, და ჩაიდინონ ძალადობის აქტები, რაც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას საფრთხის წინაშე დააყენებს. როგორც ლიდერები, ჩვენ უნდა მოვემზადოთ“, – წერს უილისი წერილში.

პროკურატურის ცნობით, 2020 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებაში ათზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

თავად ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ჯორჯიის შტატში მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში მანჰეტენის პროკურატურამ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა დოკუმენტების გაყალბებაში ყოფილი პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე. დონალდ ტრამპი ბრალს არ აღიარებს.