IFC-ის ვიცე-პრეზიდენტი - „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში წარმატება ადასტურებს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორი ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯინა ბეიქერი საქართველოსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს წარმატებას ულოცავს.
ჯორჯინა ბეიქერი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში საქართველოს პირველად ეწვია და ივანე მაჭავარიანს ფინანსთა სამინისტროში შეხვდა.
„საქართველოში ჩემი, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში IFC-ის ვიცე-პრეზიდენტის, პირველი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გახლდათ საქართველოსთვის, ფინანსთა მინისტრისთვის მიმელოცა საქართველოს ბრწყინვალე შედეგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში, სადაც თქვენმა ქვეყანამ მე-6 ადგილი დაიკავა“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჯორჯინა ბეიქერმა.
მისი თქმით, აღნიშნული შედეგი ადასტურებს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორი ქვეყანაა.
„ეს ნამდვილად დასტურია იმისა, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ საქართველო არის წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, სადაც მარტივია ბიზნესის კეთება, მათ შორის, მცირე ბიზნესისთვის, რაც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის. როგორც იცით, IFC-ის შეუძლია, განიხილოს ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ასევე, ვისაუბრეთ ბლოქჩეინ ტექნოლოგიებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს ინოვაციების ცენტრი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IFC-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივას. მხარეებმა კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მიზანია, დაგეგმილი რეფორმების შედეგად გადავიდეს „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგის ხუთეულში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ IFC-სთან მომავალ წლებშიც ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენიც დაესწრო.
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.