ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში, ივანა ფერნანდეს დუარტესთან. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის არსებულ თანამშრომლობას და მიმოიხილეს ქვეყანაში IFC-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები – საფინანსო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვის სფეროში, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა კერძო სექტორის განვითარებაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის როლს.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ახალ რეგიონულ მენეჯერს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა პოზიტიური მიმართულებით განვითარდება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებითა და საკონსულტაციო მომსახურებით, საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.