ონში დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი სახის დაზიანებების შემდეგ საჭიროა ინტენსიური თერაპია.
„ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას, რადგანაც ასეთი დაზიანებები ხანგრძლივ მართვას მოიცავს. პირველი მონაცემებით, ეს მართლაც ჰგავდა ავტოსაგზაო შემთხვევას, თუმცა რადენიმე წუთში, გასინჯვისას აღმოჩენილი იქნა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შესაბამისად წარიმართა დახმარებაც და ქირურგიული ჩარევაც. მაქვს ინფორმაცია, ქრონომეტრაჟი რა, სად და რომელ წუთზე გაკეთდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, ექიმებისთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები იმის შესახებ, რომ ვინმეს პოლიტიკური შეხედულებების გამო დახმარება არ აღმოუჩინეს.
„მოვისმინე გარკვეული შეფასებები, გაოცებული ვარ. როგორ შეუძლია, ვინმეს ენა მოუბრუნდეს, რომ ექიმმა ვიღაცას, რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აღმოუჩინა დახმარება. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ექიმისთვის არ არსებობს. არავის ვურჩევ, ექიმების ღირსების შელახვას ეცადოს. ექიმები არიან ადამიანები, ვინც პოლიტიკურ კი არა, ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგესა და მოსისხლე მტერს აღმოუჩენენ დახმარებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონში დაჭრის ფაქტზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ამასთან, გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დაჭრილი ონში მათი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. ოპოზიციაში მომხდარს ბურდილაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.